დავით ზილფიმიანი
ციფრული მულტიპლექს ოპერატორის „სტერეო პლუსის“ დამფუძნებელი დავით ზილფიმიანი სამეცნიერო საქმიანობითაა დაკავებული. განათლებით რადიოფიზიკისა და ელექტრონიკის სპეციალისტი, კოსმოსური პროექტების (EGLE, LAZIO-SIRAD) თანაავტორობასთან ერთად, ნასას „გოდდარდის“ ფრენის ცენტრში, ახალი დაბალი ორბიტის სატელიტის პროექტზე მუშაობდა.
დავით ზილფიმიანმა 1985 წელს, დისერტაცია დაიცვა თემაზე, „ელექტრომაგნიტური პროცესები მიწისძვრების მომზადების პროცესში“.
1992-1993 წლებში, იგი ტოკიოს უნივერსიტეტში JISTEC AWARD, მოგის ლაბორატორიის მეცნიერ-მუშაკი იყო.
12 წლის განმავლობაში, დავით ზილფიმიანს რომის უნივერსიტეტის პროფესორის წოდება ჰქონდა. 2000-2003 წლებში კი, იტალიის კოსმოსური სააგენტოს პროექტის Esperia – ს მთავარი მეცნიერ მუშაკი და სისტემური ინჟინერი იყო.
2003-2005 წლებში, იგი აკადემიკოს ჯუმბერ ლომინაძესთან ერთად დაფუძნებული კოსმოსური კვლევის ცენტრის დირექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, 2014 წელს კი ცენტრის ხელმძღვანელი გახდა.
დავით ზილფიმიანი, მეცნიერებათა აკადემიის გეოფიზიკის ინსტიტუტში რამდენიმე თანამდებობას იკავებდა. სხვადასხვა წელს იგი იყო ინჟინერი, ლაბორატორიის გამგე, განყოფილების უფროსი და სეისმური სამსახურის უფროსი.
დავით ზილფიმიანი არის 112 საერთაშორისო სამეცნიერო ნაშრომის, 4 საერთაშორისო კოსმოსური პროექტის და 1 საერთაშორისო პატენტის თანაავტორი. ამასთან ერთად, იგი მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრია.